ზურაბიშვილი დასავლეთ ბალკანეთსა და კავკასიაში ევროკავშირის მეტი ჩართულობის სურვილს გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში შეხვდა მონტენეგროს პრეზიდენტს მილო ჯუკანოვიჩს. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა დასავლეთ ბალკანეთისა და კავკასიის შესახებ ილაპარაკა.
„ერთ საერთო დასკვნამდე მივედით, რომ დასავლეთ ბალკანეთში, როგორც კავკასიაში, მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად ვიგრძნოთ ევროკავშირის ჩართულობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ჩართულობა ჩვენი პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო 19 აპრილის დოკუმენტი, მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ახლო მომავლისთვის, რომ ევროკავშირმა თავის საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ამ ორ რეგიონს, რომლებიც რეალურად მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, შეიძლება ისიც ითქვას, რომ ვერ წარმოიშობა ევროკავშირის სერიოზული საგარეო პოლიტიკა, თუ არ იქნება გათვალისწინებული, ამ ორ რეგიონთან მიმართებაში რა უნდა იყოს ევროკავშირის პოზიცია და როგორ უნდა იყოს ეს პოზიცია მყარად დაცული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მონტენეგროსთან ორმხრივ ურთიერთობებზეც ამახვილებს ყურადღებას.
„განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები. ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ეს ურთიერთობები როგორც ეკონომიკური, ასევე საპარლამენტო ურთიერთობების დონეზე, პოლიტიკური კონსულტაციების დონეზე, ტურიზმის და ასევე კულტურის მიმართულებაზე. ეს არის ის მიმართულებები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობისთვის ჩვენს ურთიერთობას რეალურ, კონკრეტულ სახეს მისცემს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამით ორი ქვეყნის დამეგობრება რეალური გახდეს ყველას თვალში“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მილო ჯუკანოვიჩმა აღნიშნა NATO-ს ოპერაციების ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო გაღრმავდეს, აქტივობები, რაც განხორციელდება, ემსახურება იმას, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს. რაც შეეხება სამშვიდობო ოპერაციებს, მონტენეგრო საქართველოს ძალიან აქტიურად უდგას მხარში. საქართველო მონტენეგროსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, როდესაც ვსაუბრობთ NATO-ს ოპერაციებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო სხვადასხვა ნაწილში მშვიდობა აღდგეს. ჩვენ მსგავსი ღირებულებები გვაქვს. საქართველოში ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო გაღრმავებულიყო, გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა თქვენი შიდა და საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. ჩვენ საქართველოში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას აქტიურად ვადევნებთ თვალყურს. ასევე პოლიტიკურ სიტუაციას თქვენს რეგიონში“, - ამბობს ჯუკანოვიჩი.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მონტენეგრო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებს და მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ყურადღება გაამახვილა მონტენეგროს გეოგრაფიულ მდებარეობაზე.
„მონტენეგროს არც ისე მარტივი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, მაგრამ ჩვენ, რეალურად შევძელით, მყარად დავმდგარიყავით და ამ ეტაპზე ვართ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ. საქართველო არის საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყანა, ძლიერი ქვეყანა, თქვენ ხართ ჩვენი მეგობრები“, - ამბობს ჯუკანოვიჩი.
პრეზიდენტმა საქართველოს გაუზიარა თავისი ქვეყნის პოლიტიკური გამოცდილებაც. „მონტენეგრო ამ ეტაპზე ახალ და საინტერესო პოლიტიკურ გამოცდილებებს გადის. 30 წლის განმავლობაში ერთი პოლიტიკური პარტია იყო ხელისუფლებაში და დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ შევცვალეთ მთავრობა. შესაბამისად, ახალი მთავრობა მოიტანს ახალ ღირებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კომპლექსური პოლიტიკური გარემო გვაქვს, ეს არის დემოკრატიული პროცესი. რა თქმა უნდა, დასავლეთი ბალკანეთი არის ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდებარეობის და დიდი იმედი მაქვს, საქართველოში იგივე ნაბიჯები იქნება გადადგმული და ისევე წარმატებულად, როგორც ეს მონტენეგროში მოხდა. დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ. ევროკავშირის ზრდის ინტერესი კლებულობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გავაღვიძოთ ეს ინტერესი. ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს“, - თქვა მან.
7 სექტემბერს, დილით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი. მონტენეგროს პრეზიდენტი თბილისს, ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად სტუმრობს.
საქართველოსა და მონტენეგროს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 2007 წლის 29 ოქტომბერს.