ანა წითლიძის განცხადებით, ზუგდიდში „ოცნების" მოთხოვნით იგეგმება ბათილი ბიულეტენის გადათვლა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, დღეს, 7 ოქტომბერს, ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისია დააკმაყოფილებს პარტია „ქართული ოცნების” საჩივარს, რომლითაც მმართველი გუნდი ზუგდიდის #11-ე ოლქის ყველა უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლას მოითხოვს. სხდომა, რომელზეც რამდენიმე საჩივრის განხილვა იგეგმება, საოლქო კომისიაში რამდენიმე წუთია დაიწყო.
ანა წითლიძემ საოლქო კომისიის წინ სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოლქში, რომლის ბათილი ბიულეტენების გადათვლა უნდა „ოცნებას, გამარჯვება პირველ ტურში მოიპოვა, როგორც პარტია ენმ-მ, ასევე მერობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატმა.
პარლამეტარის სიტყვებით, ენმ-ის მაჟორიტარსა და მმართველი გუნდის კანდიდატს შორის სხვაობა 2 ხმაა.
„ეს არის ოლქი, სადაც ჩვენ ყველა დონეზე გამარჯვებული ვართ, ხოლო ჩვენსა და „ოცნების" მაჟორიტარებს შორის ხმების სხვაობა სულ ორი ხმაა, ჩვენს სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების" მოთხოვნას არანაირი მტკიცება არ ახლდა, რატომ უნდა გადაითვალოს ეს ოლქი. ამავე დროს, ჩვენ შევიტანეთ საჩივარი, სადაც ვითხოვთ, ზუგდიდის ოლქის ყველა უბნის ხმების ხელახლა გადათვლას.
ასევე, შევიტანეთ საჩივარი მე-4 უბნის ხმების გადათვლის მოთხოვნით, სადაც მაჟორიტარული არჩევნები წავაგეთ სულ რაღაც ოთხი ხმით და დიდი ეჭვი გვაქვს, რომ გაბათილებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლა შეცვლის სურათს ჩვენს სასარგებლოდ.
დღეს საოლქო-საარჩევნო კომისია დიდ გამოცდას გადის საერთაშორისო დამკვირვებლების წინაშეც: თუ ის დააკმაყოფილებს „ოცნების" საჩივარს, მას არ ექნება არგუმენტი, უარი გვითხრას ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, როგორც მაჟორიტარულ, ასევე მერობის კანდიდატთა ნაწილში.
მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას" ზუგდიდში: როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მცდელობა, თქვენ უკვე წააგეთ არჩევნები ზუგდიდში და როგორც არ უნდა ეცადოთ ახლა, წააგებთ მეორე ტურსაც. ღირსეულად წაგებაც, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ისწავლოთ", - განაცხადა ანა წითლიძემ.
30 ოქტომბერს, ზუგდიდის მერის არჩევნების მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობიდან" ანზორ მელია, "ქართული ოცნების" წევრს მამუკა წოწერიას დაუპირისპირდება.