ირინა სარიშვილი: …ისიც მსხვერპლია, ვინც ამ პოსტში პოლიტიკას დაინახავს
0
“მოხდება უბედურება, წავიშენთ თავში ხელებს და ვეძებთ, ვეძებთ დამნაშავეებს ჩასაქოლად. ზოგჯერ მსხვერპლს გადავაქცევთ დამნაშავედ და დამნაშავეს მსხვერპლად. მთავარია ვიღაც ვიგლოვოთ და ვიღაც ჩავქოლოთ.
იქ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ძნელია დამნაშავის პოვნა. მსხვერპლისაც. უფრო სწორად – ამორჩევაა ძნელი – რომელი რომელია, რადგან ხშირად ერთიც და მეორეც ყველა ერთად ვართ.
დამნაშავეა ბინის მეპატრონე – მაშინაც, თუ ჰქონდა ამ უკანონო მშენებლობაზე ნებართვა, რადგან ის ამ ნებართვას ქრთამის გარეშე ვერ აიღებდა, და მაშინაც თუ არ ჰქონდა და თვითნებურად დაიწყო.
დამნაშავეა მუნიციპალიტეტი და შესაბამისი სამსახურები – მაშინაც, თუ მათ ეს უკანონო ნებრთვა გასცეს და მაშინაც თუ არ გაუციათ, მაგრამ ვერ აკონტროლეს, რა ხდებოდა მათ თვალწინ.
დამნაშავეა საზოგადოება, ამ შემთხვევაში მეზობლები და ყველა, ვინც ხედავდა რა ხდებოდა და ხმა არ ამოიღო, არ იჩივლა – შეიძლება იმიტომ რომ ინტრიგანი და ბ..ი არ დაუძახონ, ან იმიტომ რომ კიდია.
და ეს ყველა, ვინც ჩამოვთვალე, თან მსხვერპლია – მსხვერპლია იმ სიმახინჯის, რაშიც ვცხოვრობთ და რაც ვართ დღეს.
ისიც მსხვერპლია, ვინც ამ პოსტში პოლიტიკას დაინახავს, რადგან ისე ყავს ამ სისტემას დაჩლუნგებული, რომ კანონის, კანონის აღსრულების და დამნაშავის დასჯის აზრს ვერ ხედავს და ერთადერთი რაც შეუძლია – იტიროს და ქვები ისროლოს უმისამართოდ.
და თუ ეს სისტემა არ განადგურდა, არაფერი შეიცვლება გარდა იმისა რომ გაიზრდება ფიზიკური მსხვერპლის რაოდენობა, სიკვდილი, საიდანაც გამოსავალი აღარ არსებობს.
სანამ ცოცხლები ვართ, გლოვასთან ერთად, ვიფიქროთ მათზე ვინც ჯერ ცოცხალია – ვიფიქროთ გამოსავალზე,” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი.