სამცხის ოთხი მუნიციპალიტეტიდან ავტოკოლონები დაიძვრებიან
თბილისში, 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე წასასვლელად, ახალციხის გასასვლელთან 200-მდე ადამიანი შეიკრიბა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხარდამჭერებთან ერთად საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ზეწოლის მიუხედავად იბრძოლებენ იმ დრომდე, სანამ დაკავებული პრეზიდენტი არ გათავისუფლდება.
პარტიის წარმომადგენლის დავით ახალკაცის თქმით, სამცხის ოთხი მუნიციპალიტეტიდან მხარდამჭერები ქვიშხეთთან შეიკრიბებიან და კოლონებით გაემგზავრებიან თბილისში.
14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის ნაწილი და ამ მოთხოვნის მხარდამჭერი ადამიანები შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელიაა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დასადასტურებლად ვიდეოებიც გამოაქვეყნა.
პირველ ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით იმეორებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია.
საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ბრიფინგზე კი ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.
რაც შეეხება საქმეებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული, პროკურატურის განცხადებით, ეს არის „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 8 მილიონ ლარზე მეტის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები. ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მიხეილ სააკაშვილი მეცამეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში.