ევროპის ჩემპიონატი: გაირკვა საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეთა ვინაობა
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე D ჯგუფში ითამაშებს, სადაც ესპანეთის, აზერბაიჯანისა და ბოსნია ჰერცეგოვინის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ევროპირველობის ფინალური ეტაპის წილისყრა ნიდერლანდებში დღეს გაიმართა და თექვსმეტი ქვეყნის ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდა.
ჩემპიონატი 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, ნიდერლანდების ორ ქალაქში: ამსტერდამსა და გრონინგენში. ქართველი ფუტსალელების შეხვედრებს ქალაქი გრონინგენი უმასპინძლებს.
უკვე ცნობილია, რომ აზერბაიჯანთან მატჩი 22 იანვარს შედგება, ბოსნია ჰერცეგოვინასთან - 26 იანვარს, ხოლო ესპანეთთან - 29 იანვარს.
ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ოთხივე ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო ნაკრები მეოთხედფინალით გააგრძელებს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური პირველად მოიპოვა.
აქვე სხვა ჯგუფებიც:
A ჯგუფი: ნიდერლანდები, სერბეთი ან ბელარუსი, უკრაინა, პორტუგალია.
B ჯგუფი: ყაზახეთი, იტალია, სლოვენია, ფინეთი.
C ჯგუფი: რუსეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ხორვატია.