რუსეთის პრეზიდენტის ნათესავმა, რომან პუტინმა დუმის დეპუტატობა გადაწყვიტა
ვლადიმირ პუტინის ბიძაშვილის შვილმა, კერძო მეწარმე რომან პუტინმა სანქტ-პეტერბურგიდან სახელმწიფო დუმის არჩევნებში დეპუტატად საკუთარი კანდიდატურის დასაყენებლად საჭირო დოკუმენტები საარჩევნო კომისიაში შეიტანა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ მისმა თანაშემწემ, მაქსიმ კამენევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რომან პუტინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი.
ცნობილია, რომ გასული წლის დეკემბერში რომან პუტინმა დააარსა პოლიტიკური მოძრაობა „რუსეთის კორუფციის გარეშე“, რომლის თავმჯდომარედ ის აირჩიეს.
რომან პუტინი, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ყოფილი ოპერატიული თანამშრომელი, რუსეთის პრეზიდენტის ბიძაშვილის შვილია. მანამდე იგი შედიოდა იმ ოთხი ბანკის დირექტორთა საბჭოში, რომლებსაც ლიცენზიები სათითაოდ ჩამოართვეს. 2017 წელს ერთ-ერთი ამ ბანკიდან - რუსეთის მიწის ბანკიდან, 350 მილიარდი რუბლის გატანის შესახებ გავრცელდა ცნობა.
მანამდე, 2012 წელს, რომან პუტინი ნოვოსიბირსკის ოლქის გუბერნატორის თანაშემწედ დანიშნეს. მაგრამ ერთ წელიწადში მაშინდელმა გუბერნატორმა, ვასილი იურჩენკომ, პუტინის ბიძაშვილის შვილი ამ თანამდებობიდან გაათავისუფლა, როგორც თავად რომან პუტინი აცხადებდა, იმის გამო, რომ პრეზიდენტმა პუტინმა იურჩენკოს საქმიანობა მიწასთან გაასწორა.
ამჟამად რომან პუტინი სათავეში უდგას კომპანია „ზვეზდა ოილს“, რომელიც ნავთობპროდუქტებს აწარმოებს და ასევე ფლობს კიდევ ერთ კომპანიას, „არბატ ნეფტეგაზს“, რომელიც საწვავის ბითუმად ვაჭრობითაა დაკავებული.