ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილი მზადაა შეხვდეს კონსილიუმის წევრებს
"მიხეილ სააკაშვილი ითხოვს პარიტეტული კონსილიუმის ჩამოყალიბებას და მათთან შეხვედრას, თუმცა ის არ ეწინააღმდეგება ამჟამად მოქმედ კონსილიუმთან შეხვედრას. მზად არის შეხვდეს როგორც მთლიანი კონსილიუმის შემადგენლობას, ასევე მათ ინდივიდიალურად.
ასევე ვფიქრობთ და მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის ვიზიტი, მანამ, სანამ პარიტეტული კონსილიუმი შეიქმნება, უნდა განხორციელდეს ყველანაირი შეფერხებისა და ხელოვნური ბარიერების გარეშე ისე, რომ ექიმებს ჰქონდეთ საშუალება ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისა და საჭიროებისამებრ მოახერხონ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი და შემოწმება" - თქვა მიხეილ სააკაშვილთან გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის შემდეგ მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ გამოსვლისას ჟურნალისტებთან საუბრისას. ის ამბობს, რომ პენიტენციური სისტემა ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა ამ დრომდე იმის შესახებ, რომ სააკაშვილს არ სურს შეხვდეს კონსილიუმის წევრ ექიმებს და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უწყების სამედიცინო სამსახური იტყუება.
კონსილიუმში სულ 5 წევრია. ექიმთა საბჭო ბოლოს შეიკრიბა 8 ნოემბერს, თუმცა მათ მიხეილ სააკაშვილი არ უნახავთ. ამ დღეს პენიტენციურმა სისტემამ რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანა მიხეილ სააკაშვილი. სახალხო დამცველის მონათხრობის მიხედვით, მას უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვავდათ და კონსილიუმთან შეხვედრა საჭირო აღარ იყო, ექიმებს კი, რომლებიც სააკაშვილს ელოდებოდნენ, უთხრეს რომ სააკაშვილს არ სურდა მათთან შეხვედრა. ამ დღეს კონსილიუმმა დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლად უნდა ყოფილიყო გადაყვანილი მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.
შოთა თუთბერიძის თქმით, კონსილიუმის წევრები მზად არიან დღესვე შევიდნენ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად და ახლა გლდანის მე-18 დაწესებულებასთან სწორედ ექიმების მისვლას და მიხეილ სააკაშვილთან შესვლას ელოდებიან.
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მეცამეტე დღეა შიმშილობს მოძრაობა "დროას" წევრი, ელენე ხოშტარია. დღეს, 14 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 10-მა დეპუტატმა დაიწყო შიმშილობა.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია. განსხვავებულია სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძისა და მისი თანაპარტიელის, ეკა ხერხეულიძის მიერ გავრცელებული ცნობები. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილი საწოლიდან ვერ დგება და ციხეში, სადაც იმყოფება, ვერ იღებს იმ სამედიცინო სერვისს, რომელიც მისი სიცოცხლის გადასარჩენად არის საჭირო.