ევროკავშირი ახალ სანქციებს ამზადებს მინსკის წინააღმდეგ, ბორელი მაკეის ესაუბრა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს, როგორც მოსალოდნელია, მოიწონებენ სანქციების მორიგ, მეხუთე, პაკეტს ბელარუსის წინააღმდეგ.
როგორც Reuters-ი იტყობინება, ახალი ზომები შემოღებულ იქნება ბელარუსისა და ევროკავშირის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის გამო.
ევროკავშირში აცხადებენ, რომ კრიზისთან დაკავშირებულია ბელარუსის ხელისუფლება, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში მოხვედრაში უწყობს ხელს მიგრანტებს და ყველა პირობას ქმნის, რათა მათ ევროკავშირის საზღვარი გადაკვეთონ საჭირო დოკუმენტების გარეშე.
Reuters-ის თანახმად, ფიზიკური პირების, ბელარუსის მოხელეების, გარდა სანქციები შეიძლება შეეხოს მინსკის საერთაშორისო აეროპორტს, რომელშიც ჩადის მიგრანტთა დიდი ნაწილი. ასევე ისინი შეიძლება შეეხოს ავიაკომპანიებსა და ტურისტულ სააგენტოებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ბელარუსში მიგრანტების ჩაყვანასთან. ევროკავშირის რიგი ქვეყნები, კერძოდ პოლონეთი, ფიქრობენ, რომ ბელარუსთან საზღვარზე კრიზისთან დაკავშირებულია არა მხოლოდ მინსკი, არამედ მოსკოვიც. მედიის თანახმად, სანქციები შეიძლება შეეხოს რუსეთის ავიაკომპანია „აეროფლოტს“, მაგრამ ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, სანქციები რუსეთს არ შეეხება.
რუსეთი და ბელარუსი ოფიციალური მოკავშირეები არიან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ინტერვიუში თქვა, რომ ბელარუსსა და ევროკავშირს შორის საზღვარზე მიგრანტთა კრიზისში თავად ევროკავშირია დამნაშავე. მისი სიტყვებით, ევროკავშირის ქვეყნებმა „თავად შექმნეს საიმისო პირობები, რომ ათასობით და ასობით ადამიანი გაემგზავროს“ იქ. რუსეთის მიმართ ბრალდებებს მან გადაბრალება უწოდა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერი ჟოზეპ ბორელი კვირას ტელეფონით ესაუბრა ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეის. უკანასკნელ ხანებში იშვიათია ევროკავშირსა და მინსკს შორის ასეთი მაღალი რანგის კონტაქტები. ევროკავშირი ალიაქსანდრ ლუკაშენკას არ აღიარებს ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ხელისუფლებას ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებში ადანაშაულებს.
ბორელმა ტვიტერში დაწერა, რომ ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენელთან საუბარში მოითხოვა საზღვარზე მომწყვდეულ მიგრანტებთან ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიშვება, ასევე მოუწოდა მას, ადამიანები არ გამოიყენონ იარაღად.
თავის მხრივ, პოლონეთმა კვირას განაცხადა, რომ ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად შეიძლება ნატოს მოკავშირეებთან სასწრაფო კონსულტაციები მოითხოვოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით.