გარდაიცვალა ომსკის იმ საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, სადაც ნავალნის მკურნალობდნენ
მოადგილე მთავარი ექიმისა, რომელიც ომსკის სასწრაფო დახმარების №1 საავადმყოფოში მკურნალობდა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, ომსკში გარდაიცვალა 55 წლის ასაკში. ამის შესახებ საავადმყოფოს ვებსაიტი იტყობინება.
სერგეი მაქსიმიშინი საავადმყოფოს ხელმძღვანელის მოადგილე იყო ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის განხრით. ის "მოულოდნელად" გარდაიცვალა საკუთარ განყოფილებაში გულის შეტევით, განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა. აგვისტოში ამავე სარეანიმაციო განყოფილებაში იწვა ნავალნი მას შემდეგ, რაც ის მოწამლეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იქ სასწრაფო დახმარების მანქანით მიიყვანეს ომსკის აეროპორტიდან. ის ცუდად გახდა თვითმფრინავში, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა და იძულებული გახდა, ომსკში დაშვებულიყო. თავიდან აცხადებდნენ, რომ ოპოზიციონერის მდგომარეობა შესაძლოა მოწამვლით ყოფილიყო გამოწვეული, მაგრამ მოგვიანებით უარყოფდნენ ამას.
ამასთან, საავადმყოფოში შენიშნული არიან რუსეთის შსს-სა და ფსბ-ს მაღალი რანგის თანამშრომლები. ნავალნის თანამებრძოლები საავადმყოფოს ბრალს სდებდნენ, რომ ის მას მოსკოვში სამკურნალოდ არ უშვებდა. ექიმები მოითხოვდნენ, რომ ჯერ საჭირო იყო ნავალნის მდგომარეობის სტაბილიზება.
ნოემბერში №1 სავადმყოფოს მთავარი ექიმი ალექსანდრ მურახოვსკი ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა. როგორც გამოცემა Gorod55 იტყობინებოდა ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით, კანდიდატურის შესათანხმებლად ის გაფრინდა მოსკოვში, რაც უჩვეულოა ამ რანგის ხელმძღვანელებისთვის.
საავადმყოფოში ნავალნის ყოფნისას მურახოვსკი, სხვათა შორის, პრესასთან ურთიერთობისთვის იყო პასუხისმგებელი. სწორედ მან უთხრა ჟურნალისტებს, რომ ნავალნის მძიმე მდგომარეობის მიზეზი არის „ნივთიერებათა ცვლაში დარღვევები“. გარდა ამისა, მთავარი ექიმი თავიდან ოპოზიციონერის მეუღლეს, იულიას უარს ეუბნებოდა ავადმყოფთან დაშვებაზე იმ მოტივით, რომ მას არ ჰქონდა ქორწინების მოწმობა.