ლილი ფოფხაძე: სან ფრანცისკოს იაპონური უბანი
News. ge იწყებს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, ჟურნალისტისა და მთარგმნელის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ლილი ფოფხაძის ჩანახატების გამოქვეყნებას.
News. ge მადლობას უხდის ქალბატონ ლილის ნდობისათვის.
“ჩემთვის მოგონებები ცხოვრების მორევში ჩაკარგული ცრემლიანი მარგალიტებია, რომლებიც ისე უნდა ამოიყვანო ფსკერიდან შლამი არ ამოჰყვეს” – ლილი ფოფხაძე.
სან ფრანცისკოს იაპონური უბანი
სან ფრანცისკოს იაპონური უბანი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სხვა ჟრიამულა უბნებთან შედარებით მყუდროა და მშვიდობიანი, თუმცა ხალხი აქაც ბევრია –
აყვავებული ხეები, უცნაური პარკები, მოჩუქურთმებული სახლები და ლამაზად გაფორმებული კაფე – რესტორნები მუდამ ტურისტთა ყურადღების ცენტრშია.
ქუჩაში ჯგუფ- ჯგუფად დადიან ხელგადახვეული იაპონელი ახალგაზრდები, საოცრად თავაზიანები, გამუდმებით რომ გითმობენ გზას და ,ოდნავ ახლოს თუ
ჩაგიარეს, ” სორი, სორის” გაიძახიან. თითქოს ყველა ერთმანეთს ჰგავს, ერთ თარგზეა მოჭრილი. ბევრის ამტანი და ფუტკარივით მშრომელი ხალხია. ფულიც
ბლომადა აქვთ, რაც ჩაცმაზე ნამდვილად არ ეტყობათ. ისე კი, იცოცხლე, ყველაზე საუკეთესო სახლებში ცხოვრობენ და ყველაზე ძვირიან მანქანებში სხედან. ამ
უბნის კაფე- რასტორნებიც მათი საკუთრებაა.
ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტეთ, იაპონურ რესტორანს ვწვეოდით.
მცირეხნის ლოდინის შემდეგ ვრცელ, ლამაზ დარბაზში მიგვიპატიჟეს და გაგვაფრთხილეს, კერძების ერთ ნაწილს სუფრაზე, თქვენს თვალწინ მოვამზადებთო. უნდა ითქვას, რომ საკმაოდ სიმპათიური და ღიმილიანი ყმაწვილი გვემსახურებოდა, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ჯარასავით ტრიალებდა და იაპონური მელოდიის ფონზე უსწრაფესად აქუცმაცებდა ბოსტნეულს, წვავდა თევზს და ალაგ – ალაგ ომახიანად დასჭექდა ხოლმე. ბევრი ვიცინეთ, მაგრამ იმ დალოცვილმა ორი გრძელი, ალესილი დანა რომ მოიმარჯვა, ჯერ ჰაერში დაატრიალა, მერე ერთმანეთს დასცხო და ჩვენს ცხვირწინ ნაპერწკლები დააყრევინა, დაბნეულებმა კარებისკენ დავიწყეთ
ყურება…ამასობაში “ბარაბანიანი” კაციც შემოვარდა, ატეხა ბრახა- ბრუხი და ვახშამიც დაიწყო… სხვათაშორის, ამ რესტორანში მეორეჯერაც მოვხვდით, მეგობრის დაბადების დღეზე.
შუა ქეიფში, გემრიელ კერძებს მადიანად რომ შევექცეოდით, შუქი ჩაქრა. ის- ის იყო, გავიფიქრე, ეს “უბედურება “ამათაც სწვევიათ- მეთქი, რომ კარი გაიღო და დარბაზში სანთლებით გაჩახჩახებული ტორტი შემოიტანეს, ეს ვიღას უკვირს, მაგრამ თან რაღაც უცნაურად კნაოდნენ. თამუნამ დამამშვიდა – მღერიანო. შენ გაიხარე- მეთქი, დავლოცე… სან-ფრანცისკოს შუაგულში პატარა პარკია, რომელსაც აქა-იქ ჩადგმული ქვის დიდი, ფერადი გულები ამშვენებს. გარშემო ცათამბჯენები უდგას კერძო ოფისებით, მილიონერთა მაღაზიებით და კაფე- რესტორნებით. დავათვალიერეთ პარკში გასაყიდად გამოფენილი მხატვართა ნამუშევრები და ერთ- ერთი ცათამბჯენის მე- 20 სართულზე ავედით, ზემოდან რომ გადმოგვეხედა. სწორედ აქ, ფართაივანზე წავაწყდით რესტორანს. ვისადილოთო, თამუნამ. საკმაოდ გრილოდა, მაგრამ მაინც დავსხედით. თეთრი, ქათქათა, ჯადოსნური ქალაქი ისეთი მშვენიერი იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. ცოტა უხერხულად კი ვიგრძენი
თავი,მეუცნაურა, რომ მოაჯირზე, ზუსტად ჩვენს თვალწინ, არხეინად დაგოგმანებდნენ ალბატროსები. მე კი ფრინველებს ვერიდები, მეშინია. მალე “მოვშინაურდი”. არ ციოდა, პირიქით, დამცხა გიდეც. გაოცებულმა მივიხედ-მოვიხედე და ახლა შევნიშნე, რომ მაგიდებთან პატარა ბოძები იდგა, კონუსის მაგვარი უცნაური “ქუდებით”, სადაც ცეცხლი ენთო, სტუმრებს რომ არ შესციებოდათ… ღმერთმა ნათელში ამყოფოს გოგლა ლეონიძე…
“სოლომონის განძს, კრეზის სიმდიდრეს,
ლეგენდად ოქროს, ლალს მობრდღვიალეს,
მე მირჩევნია ერთი ხოხობი,
ალაზანზე რომ შეიფრთხიალებს…”.
აივანს გავხედე. მოაჯირზე კვლავ გულგრილად დასეირნობდნენ ალბატროსები…