NATO-ს თავდაცვის მინისტრები ვერ შეთანხმდნენ ავღანეთიდან მაისის შემდეგ კოალიციური ჯარების გაყვანის თაობაზე
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბეტგმა განაცხადა, რომ ალიანსის თავდაცვის მინისტრებმა ვერ მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება უნდა დატოვოს თუ არა NATO-ს სარდლობით მოქმედმა კოალიციურმა ძალებმა 1 მაისიდან ავღანეთის ტერიტორია, როგორც ამას ითვალისწინებს აშშ-ისა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმება.
NATO-ს ქვეყნების ვირტუალური შეხვედრა 17-18 თებერვალს გაიმართა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიმოიხილავს აშშ-ისა და თალიბანის შეთანხმებას, რათა დაადგინოს, ასრულებს თუ არა ექსტრემისტული დაჯგუფება ნაკისრ ვალდებულებას, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ავღანეთის მთავრობასთან ანგარიშგასაწევი მოლაპარაკების დაწყების თაობაზე.
შეთანხმების თანახმად, კოალიციური ძალების გასვლის წინ თალიბების მხრიდან ავღანეთში უნდა შეიქმნას უსაფრთხოების გარანტიები, რაც ითვალისწინებს ალ-ყაიდასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტას.
ავღანეთის ხელისუფლებასა და მოძრაობა თალიბანს შორის შარშან სექტემბერში ყატარში დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკების მიუხედავად 2021 წლის დადგომისთანავე ძალადობამ ახალი ძალით იფეთქა ავღანეთში, რამაც გააჩინა შეშფოთება, რომ NATO-ს სარდლობით მოქმედი კოალიციური ჯარების გაყვანა ნაადრევია და ის შესაძლებლობას მისცემს თალიბანს, რომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს.
„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვერ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება მომავალში ჩვენი ყოფნის შესახებ. რაკი 1 მაისის ვადა ახლოვდება, NATO-ელი მოკავშირეები მომდევნო კვირებში გააგრძელებენ კოორდინირებულ და მჭიდრო კონსულტაციას“, - განაცხადა 18 თებერვალს ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ავღანეთში ამჟამად ნატოს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების (მათ შორის საქართველოს 860 ჯარისკაცი) სულ მცირე 10 000-კაციანი ქვედანაყოფი იმყოფება, შესაბამისი შეიარაღებითა და ტექნიკით, რომლის ორგანიზებულ გასვლას სათანადო ლოგისტიკური უზრუნველყოფა და უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება დასჭირდება. თუმცა ბრიუსელში არ გამორიცხავენ, რომ არათუ მაისიდან, არამედ წელს საერთოდ არც კი დაიწყოს ავღანეთიდან მრავალეროვნული ძალების გაყვანის პროცესი, უშედეგო შიდაავღანური დიალოგისა და 2021 წელს ქვეყანაში ახალი ძალით გაჩაღებული ტერორისტული თავდასხმების გამო.
როგორც 17 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, NATO-ს მრავალეროვნული ძალების გაყვანას ეწინააღმდეგება აშშ-ის კონგრესის რეკომენდაციით შექმნილი „ავღანეთის შემსწავლელი ჯგუფი“ (Afghanistan Study Group), რომელიც მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების ყოფნა უნდა გაგრძელდეს, ხოლო თავად კოალიციური ძალების რაოდენობა კიდევ 4500 მებრძოლით უნდა გაიზარდოს.