თბილისის მერია მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შშმ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი დაიწყებს ახალ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, დაფინანსდებიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები. კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ამისთვის აუცილებელია სტუდენტი თბილისში რეგისტრირებული იყოს არანაკლებ ექვსი თვის განმავლობაში.
"უახლოეს მომავალში მივმართავთ თბილისის საკრებულოს, რომ განახორციელონ სტუდენტთა დაფინანსების წესში შესაბამისი ცვლილებები, რომ მაისში შევძლოთ განცხადებების მიღება“, - თქვა თბილისის მერმა.
სტუდენტები შეძლებენ 100-პროცენტიანი ან 70-პროცენტიანი გრანტების მიღებას. კერძოდ:
90-ზე მეტი - 100 ქულის ჩათვლით, სემესტრული თანხის 100% (1 125 ლარი) - მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ზომიერად, მნიშვნელოვანად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა) სტუდენტებისთვის;
70-ზე მეტი - 90 ქულის ჩათვლით, სემესტრული თანხის 100% (1 125 ლარი) - მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის, ხოლო სემესტრული თანხის 70% (787,5 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;
70-ის ტოლი და ნაკლები ქულის შემთხვევაში, სემესტრული თანხის 70% (787,5 ლარი) - მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის, ხოლო სემესტრული თანხის 50% (562,5 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის.