ბექა დავითულიანი უკრაინის ხელისუფლებაზე: თავის საქმეს მიხედონ, ურჩევნიათ
ბექა დავითულიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის კრიტიკას ეხმიანება და ურჩევს, "თავის საქმეს მიხედონ". ამის შესახებ ბექა დავითულიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
"არავინ არ ეკითხება უკრაინის ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს, საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იქნება და არც არასდროს არ შეეკითხება... საქართველოს, მის მეგობარ ქვეყანას, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რა ბერკეტიც გაგვაჩნია, მის დასახმარებლად, ასე უაპელაციოდ და უპასუხისმგებლოდ ადანაშაულებს, ნუ, უბრალოდ, არასერიოზულად აღიქმება უკვე. თავის საქმეს მიხედონ ურჩევნიათ! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეს ქვეყანა და მე მინდა ვუსურვო გამარჯვება, წარმატება, ამ ომის დასრულება, მაგრამ თავის საქმეს მიხედონ! ტყუილად ნუ ცდილობენ კეთილგანწყობილი, მეგობარი ხალხი რაღაცნაირად გაანაწყენონ და წარმოშვან კითხვები ჩვენს ურთიერთობებში", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ილაპარაკა საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობებზე და უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე.
"სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის და არა ხალხის პოზიცია აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, ცოტა არ იყოს, უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს, არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციას, როგორიც აქვთ ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს", - თქვა მან.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობებსა და გზების ძიებაზე. უწყების ცნობით, მოსკოვი ცდილობს სხვა ქვეყნების საშუალებით შეამციროს სანქციების გავლენა და მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ.
უკრაინაში რუსეთმა საომარი მოქმედებები 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ დაიბომბა სამხედრო ობიექტები, საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, გარდაცვლილია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან იღებს სამხედრო დახმარებას და პარალელურად, ეს ქვეყნები სანქციებს უწესებენ რუსულ ბიზნესებს.