პენიტენციური სამსახური:“სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თავი შეიკავეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან“
სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას სტაბილურად აფასებს და 8 მაისს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მას სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა და „სათანადო სამედიცინო შემოწმება ჩატარდა შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ“.
პენიტენციურ სამსახურ სამსახურში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ყველა აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდება და ასევე მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც, საქართველოში.
„მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან“ - ვკითხულობთ მათ მიერ გავრცლეებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.
ხოლო 27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.