ბორელი მომხრეა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის გაყინული თანხები უკრაინას მოხმარდეს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი მომხრეა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შედეგად გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენას მოხმარდეს. ამის შესახებ მან გამოცემა Financial Times-ს განუცხადა.
ბორელმა მაგალითად მოიყვანა აშშ-ის მიერ ავღანეთის ცენტრალური ბანკის მილიარდობით დოლარის გაყინვა და ამ თანხის გამოყენება, მათ შორის, ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეფასებით, ლოგიკური იქნებოდა იგივეს გაკეთება რუსეთის გაყინული ფინანსური რეზერვების შემთხვევაშიც.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს გაუყინეს დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რეზერვები. Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირში უკვე დაიწყეს იმაზე ფიქრი, როგორ შეიძლება ამ თანხის გამოყენება ომის შემდეგ, უკრაინის აღსადგენად, თუმცა, ბრიუსელს რაიმე ოფიციალური წინადადება, ან გეგმა ჯერჯერობით არ წარმოუდგენია.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.