ალან გაგლოევის ე.წ. ინაუგურაცია დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალან გაგლოევის ინაუგურაცია დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ემილია გაგიევამ განაცხადა.
„პრეზიდენტის არჩევნების შესახებ, საკონსტიტუციო კანონის 49-ე მუხლის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს აცხადებს, არჩევნების ჩატარებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. კონსტიტუციის შესაბამისად არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას იკავებს შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან მეათე დღეს", - განაცხადა ემილია გაგიევამ.
წინასწარი მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევი ლიდერობს. მან ამომრჩეველთა ხმების 54,2 პროცენტი მიიღო, ხოლო მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს ხმა 43.3 -მა პროცენტმა მისცა. ამ დროისთვის ოქმების 97 პროცენტი უკვე დამუშავებულია.
8 მაისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, საარჩევნო უბნების დახურვიდან 4 საათში დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედმა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა არჩევნებში დამარცხება აღიარა. მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და ალან გაგლოევს წარმატება უსურვა.
ალან გაგლოევი 1981 წელს არის დაბადებული. პროფესიით ფინანსისტია, მაგრამ ძირითადად დე ფაქტო რესპუბლიკის „კა-გე-ბე"-ში“ მუშაობდა და მოგვიანებით ამ მიმართულებით რუსეთში გაიღრმავა ცოდნა. ამჟამად პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარეა. მან თავი გამოიჩინა ცხინვალის იზოლატორში მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის თანადგომით. მოგვიანებით, ჯაბიევის ცოლმა, ოქსანა სოტიევამ შექმნა ორგანიზაცია „სამოქალაქო პლატფორმა“, რომელიც გაგლოევის მხარდამჭერი გახდა. ბიბილოვისგან განსხვავებით, გაგლოევს კრემლის ღია მხარდაჭერა არ ჰქონდა. თუმცა, როგორც ზოგიერთი ადგილობრივი საიტი იუწყება, მას ცხინვალიდან წასული, რუსეთში დამკვიდრებული ძლიერი ფინანსური ჯგუფების წარმომადგენლები ლობირებენ. ბიბილოვს კი რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს კადრად მიიჩნევდნენ. გაგლოევის დიდი უპირატესობა ოკუპირებული ახალგორის რაიონში კი იმან განაპირობა, რომ მან იზოლირებული დაბის გახსნის პირობა დადო. ახალგორი, ბიბილოვის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან არის ჩაკეტილი და ეს მან წნელისის კრიზისს დაუკავშირა.
საქართველოს საგარეო სამინისტრომ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და განაცხადა, რომ "მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 9 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, „რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა“.
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრმა ჯიმ რიშმა დაგმო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნები.