მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ივნისში დაიწყება
თბილისის მერის, კახა კალაძის თანახმად, მერია მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას ივნისის პირველ ნახევარში დაიწყებს და ამ დროიდან მოძრაობის სისტემაში გარკვეული ცვლილებები შევა, რომელთა შესახებაც ინფორმაციას მომდევნო დღეებში მიაწვდიან მოქალაქეებს.
„სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება, რა დროსაც ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოსახლეობას მიეწოდება მომდევნო დღეების განმავლობაში. მესმის, რომ ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, მაგრამ, მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. გვაქვს უამრავი პრობლემა, რომელსაც მოგვარება სჭირდება და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დაველოდოთ ერთი პროექტის განხორციელებას და შემდეგ დავიწყოთ მეორე. პირიქით, რაც შესაძლებლობები და რესურსები გვაქვს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთოთ ბევრი პროექტი, ერთხელ გავიჭირვოთ და შემდეგ უკვე მოწესრიგებული იყოს ყველაფერი“, - განაცხადა დღეს, 18 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციისას მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი; მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა; მიწის ქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები; მოეწყობა გარე განათების ახალი ქსელი, რომელზეც დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED სანათები; გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის; მოეწყობა ახალი მოსაცდელები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
პროექტის ღირებულება 6 387 990 ლარია. მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში კომპანია B.M.C (ბი ემ სი)-მ გაიმარჯვა. ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ კომპანიამ, წერილობითი დავალების მიცემიდან, 120 დღეში უნდა დაამთავროს მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 648 მეტრია.